ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
Locate გერგეთის სამება

გერგეთის მყინვარწვერი ჩრდილოეთ საქართველოში, კავკასიონის გვერდით ქედზე, რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 5047 მეტრია. იგი აღმოსავლეთ საქართველოს უმაღლესი მწვერვალია. ადგილობრივი მოსახლეობა მას "ხევის პატარძალს“, მეზობელი თუშები - ლომს, ფშავლები კი გერგეთს უწოდებენ.

მყინვარწვერი „მიძინებული“ ვულკანია, რომელიც უკანასკნელად 6000 წლის წინ ამოიფრქვა. აქ ლავური ღვარები სამი - სამხრეთის, აღმოსავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ეშვება. მწვერვალი დაფარულია მყინვარით.

მყინვარის მიჯნაზე ერთი მითოლოგიური და ერთიც ისტორიული (გერგეთის სამება) ძეგლია. მითოლოგია ბეთლემის გამოქვაბულსა და კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანს უკავშირდება. თქმულების მიხედვით, ღმერთმა ამირანი სწორედ აქ მიაჯაჭვა კლდეს და თანაც  „ზედ თოვლ-ყინულიანი გერგეთი და ყაზბეგის მთა დაახურა“. 

გერგეთის სამება სტეფანწმინდის რაიონში მდინარე ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. ტაძარი საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. იგი იმგვარადაა განლაგებული მაღალი მთის წვერზე, რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება. 

გერგეთის სამება ხევის პროვინციის უმთავრესი სალოცავი და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარია. კომპლექსი აგებულია საქართველოს მეფის გიორგი V ბრწყინვალის (1318-1346 წწ.) ბრძანებით იმ დროს, როდესაც მან მთის მოსახლეობისთვის საგანგებო კანონთა კრებული "ძეგლისდება" დააწესა და ხელი შეუწყო მთაში ქრისტიანობის განმტკიცებას მონღოლთა საუკუნოვანი ბატონობის შემდგომ. ხუროთმოძღვრული კომპლექსი გალავნითაა შემოზღუდული და მოიცავს სამების გუმბათოვან ტაძარს (XIV ს. 20-იანი წწ.), სამრეკლოს (XIV ს. II ნახ.), საბჭეოს (XV ს. აქ მთის ძველი ჩვეულების თანახმად, უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვის ორგანო გახლდათ). 

ტაძარი ნაგებია დამუშავებული ანდეზიტის კვადრებით. ტაძრის, ორსართულიანი სამრეკლოს ფასადები და გუმბათის ყელი მოჩუქურთმებულია.

გალერეა