ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
Locate ანანური

ანანურის კომპლექსი დუშეთის რაიონში, მდინარე არაგვის ხეობაში, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირას მდებარეობს. ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ძეგლებიდან ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. მასში თავმოყრილია, როგორც სამხედრო, საკულტო, ისე საერო დანიშნულების ნაგებობები.

ანანური არაგვის ერისთავთა ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, სადაც თავს იყრიდა ერთი მხრივ – ჩრდილოეთიდან, თერგისა და არაგვის ხეობებით და მეორე მხრივ - ქართლის შიდა ტერიტორიიდან დუშეთის გამოვლით მომავალი მთავარი გზები. ადრეული პერიოდის ნაგებობათა კვალი არ ჩანს. ამ ადგილის, როგორც სტრატეგიული პუნქტის, მნიშვნელობა გაზრდილა ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ.

ანანურის ციხე, ოდითგანვე, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობით გამოირჩეოდა. აქ იყო განლაგებული რუსი გენერალი ტოტლებენი არტილერიით, როდესაც მას ერეკლე მეფის ტახტიდან ჩამოგდება ჰქონდა განზრახული. ანანურის ციხე-სიმაგრის დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის, რომ 1791 წელს ერეკლეს მიერ თავის ძეთათავის დაწერილ განწესებაში ჩამოთვლილია შვიდი მთავარი ციხე, მათ შორისაა ანანურიც. ასევე ყველასთვისაა ცნობილი, რომ კრწანისის ბრძოლაში დამარცხებულმა მეფე ერეკლემ სწორედ ანანურს შეაფარა თავი.

ციტადელის შიგნით, ცენტრში, დგას პირამიდული ტიპის კოშკი, რომელიც ოთხსართულიანია. ორიგინალურია კოშკის სახურავი, რომელსაც პირამიდის ფორმა აქვს. ამგვარი სახურავები დამახასიათებელია მთიანი საქართველოსთვის. ანანურის ციხის ციტადელში არის მცირე გუმბათოვანი ეკლესია “ღვთაება”. ეკლესიისთვის დამახასიათებელია თორმეტი სარკმელი, რომელიც ანათებს ეკლესიას.

ანანურის ციხის ციტადელი უკეთაა შენახული. ამ გრძელ ნაგებობაში რამდენიმე კოშკია ჩართული; მათგან მხოლოდ სამხრეთი და დასავლეთი ცენტრალური კოშკებია ოთხკუთხა, ხოლო დანარჩენები კი ცილინდრული ფორმისაა. თავდაპირველად, ციხის კედლები  5-6 მეტრს არ აღემატებოდა, მაგრამ შემდგომში მას დამატებული აქვს 2-3 მეტრი. ციტადელის ყველა კოშკი საბრძოლოა. ციხის ყველაზე დიდი და გამორჩეული კოშკია “შეუპოვარი”. იგი შვიდსართულიანია და აღჭურვილი იყო სათოფეებით, საზარბაზნეებით და ლოდსარტყორცნებით. ანანურის ციხეს გააჩნდა თავისი წყალსადენი, წყალი შემოჰყავდათ დასავლეთის კედლიდან და გროვდებოდა წყალსაცავებში.

ამრიგად, ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი ისტორიულად საკმაოდ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა. ამჟამად კი, ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ისტორიულ-კულტურული ძეგლია.

გალერეა